ჩემი საქართველო აქ არის 
2013 წლის 20 მარტს შედგა თბილისის 138-ე საჯარო სკოლისა და საზოგადოება ქურმუხელის ერთობლივი პროექტი სახელწოდებით - „ჩემი საქართველო აქ არის“. პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეების დამეგობრებას და ერთობლივი ღონისძიებების მოწყობას. 
თბილისში ჩამოსულ ბავშვებს უმასპინძლა საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა, სადაც ისინი გაეცნენ ოქროს ფონდს. ამის შემდგომ სტუმრები იმყოფებოდნენ მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. საღამოს კინოთეატრ რუსთაველის მხარდაჭერით სტუმრებმა უყურეს ფილმს „ცელქი ბავშვები“. ფილმის დამთავრების შემდეგ, მოხდა კახიდან ჩამოსული ბავშვების თბილისის 138-ე საჯარო სკოლაში გადაყვანა, სადაც სტუმრებს დახვდნენ მასპინძელი სკოლის თანატოლები. 
პროექტის მეორე დღეს მასპინძელ - 138 სკოლაში სხვადასხვა სახის ღონისძიება მოეწყო. თავდაპირველად, აღნიშნული სკოლის XI კლასის მოსწავლეებმა სტუმრებს ჩაუტარეს ღია გაკვეთილი საქრთველოს ისტორიასა და გეოგრაფიაში, რის შემდეგაც მოეწყო სპორტული თამაშობები. სკოლის ღონისძიებები დასრულდა საკონცერტო ნომრებით, რომელიც მასპინძელი სკოლის მოსწავლეებმა შესთავაზეს ისტორიული კუთხიდან ჩამოსულ მოსწავლეებს და პედაგოგებს. 
დღის ბოლოს კახის ინტერნაციონალური სკოლის ქართული სექტორის მოსწავლეები, საზოგადოება ქურმუხელის წარმომადგენლები და თბილისის 138-ე სკოლის პედაგოგები რუსთაველის თეატრში დაესწრნენ სპექტაკლს „სტუმარ-მასპინძელი“.
პროექტი განხორციელდა ქურმუხელის დამფუძნებლების: ირაკლი სარდალაშვილის, თემურ სუყაშვილისა და ზაზა სუყაშვილის ინიციატივითა და ჩართული სკოლების დირექციის მხარდაჭერით.

0 comments:

Post a Comment