არაფორმალური აქტივობების გავლენა მოსწავლეთა ინტერკულტუტული მგრძნობელობის მაჩვენებელზე

ოთხწლიანი პედაგოგიური საქმიანობის შემდეგ მივხვდი, რომ საგაკვეთილო პროცესში საჭირო იყო სიახლეების შეტანა, რაც დადებითად აისახებოდა მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე, მოტივაციაზე და საგნისადმი დამოკიდებულებაზე. ტრადიციული საგაკვეთილო პროცესი ზოგჯერ ყველა მოსწავლეს არ აძლევს თავის წარმოჩენის საშუალებას, რაც მოზარდების თვითრეალიზაციის შემაფერხებელ ერთ-ერთ გარემოებას წარმოადგენს.
2017-2018 სასწავლო წლის დასაწყისში, სამოქალაქო განათლების კურსის მოსწავლეებისათვის გაცნობისას, ქართული სექტორის მე-9 კლასის მოზარდებმა ჩამოაყალიბეს წინასწარი მოლოდინები ამ საგნის მიმართ. რამდენიმე მოსწავლემ აღნიშნა, რომ საგაკვეთილო პროცესი იქნებოდა სახალისო, წარიმართებოდა არასტანდარტული ფორმით და თვითონაც ჩაერთვებოდნენ სხვადასხვა აქტივობაში. ამის პარალელურად კი დავაკვირდებოდი საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკას და შემუშავებულ ინდიკატორებზე დაყრდნობით გავზომავდი მოსწავლეებში ინტერკულტურული მგრძნობელობის მაჩვენებელს.
უნდა აღნიშნოს ის ფაქტიც, რომ რეგიონის ეთნიკურ უმცირესობათა სკოლებში არაფორმალურ განათლებას და პროექტებს ნაკლები ყურადღება ექცევა. თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემის რეფორმირების ფარგლებში კი არაფორმალური განათლების როლი ძალიან გაზრდილია. ახალგაზრდები სკოლის გარეთ უამრავ პროექტში იღებენ მონაწილეობას. სკოლის ბაზაზე არაფორმალური განათლების წახალისებას საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაც ეხმიანება.
ქვემო ქართლის რეგიონი გამოირჩევა ეთნიკური მრავალფეროვნებით. რეგიონში სახელმწიფო ენის ცოდნასთან დაკავშირებული პრობლემების გარდა, დგას სხვა რიგი პრობლემებიც, რომელთა აღმოჩენა და მოსწავლეთა მონაწილეობით გაანალიზება სამოქალაქო კომპეტენციების განვითარების ერთ-ერთი წინაპირობაა.
კვლევის ჰიპოთეზა შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:
სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე პროექტებით სწავლებითა და როლური თამაშების დახმარებით მე-9 კლასის მოსწავლეებში იზრდება ინტერკულტურული მგრძნობელობა.
კვლევის მიზანი შემდეგი სახით განისაზღვრა:
პრაქტიკის კვლევის მიზანია სსიპ ქალაქ მარნეულის 2 საჯარო სკოლის მე-9 კლასში სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე ბენეტის მოდელის მიხედვით ინტერკულტურული მგრძნობელობის მაჩვენებელის განსაზღვრა და ამ ცვლადის გაზრდის მიზნით შესაბამისი ინტერვენციების განხორციელება.

ინტერკულტურული მგრძნობელობა, როგორც საკვლევი საკითხი

ხშირია შემთხვევა, როცა ერთმანეთთან აიგივებენ „მულტიკულტურულ“ და „ინტერკულტურულ“ განათლებას. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს ორი ცნება განსხვავდება. თუ პირველი მოიცავს განსხვავებული კულტურების სწავლებას, რათა მოხდეს მიმღებლობის ამაღლება მოსწავლეებში, მეორე ტიპის განათლება გულისხმობს შექმნას მყარი ნიადაგი, რათა მოხდეს კულტურათა შორის დიალოგი (ტაბატაძე და ნაცვლიშვილი 2008). ამდენად, წინამდებარე კვლევა მოიცავს მოსწავლეებში ინტერკულტურული მგრძნობელობის მაჩვენებლის დადგენას და ინტერვენციების (როლური თამაშები და პროექტებით სწავლება) მეშვეობით ამ მაჩვენებელის შეცვლის მიზნით მასზე დადებით ზემოქმედებას.
მკვლევარები სხვადასხვა ჭრილში განიხილავენ ინტერკულტურული განათლების საკითხებთან დაკავშირებულ პრობლემებს. ერთ-ერთ მოქნილ ჩარჩოს წარმოადგენს კუშნერის, მაკლილანდისა და საფორდის მიერ შედგენილი „კულტურული იდენტობის ფორმირების თორმეტი წყარო“ (იხ. დანართი 1). აღნიშნული სისტემა საშუალებას იძლევა, რომ მოხდეს პიროვნების ინტერკულტურული მგრძნობელობის მაჩვენებლის დადგენა სხვადასხვა ასპექტში.
საექსპერიმენტო კლასში არსებული ყველაზე აქტუალური პრობლემების იდენტიფიცირების შედეგად აღნიშნული მოდელიდან შემდეგი სამი წყარო გამოკვეთა: 1) ეთნიკურობა/ნაციონალობა; 2) გეოგრაფიული რეგიონი; 3) სოციალური სტატუსი (იხ. დანართი 2). სწორედ კვლევის პრე-ტესტში მოხდა ამ თემებისადმი მოსწავლეთა ინტერკულტურული მგრძნობელობის დადგენა. შემდეგ ეტაპზე კი მოსწავლეების ჩართულობითა და მონაწილეობით დავგეგმეთ რამდენიმე პროექტი და ავარჩიეთ განსახილველი საკითხი როლური თამაშებისათვის. ხოლო დასკვნით ეტაპზე ჩავატარე პოსტ-ტესტი და ინტერვენციების შედეგად გადავამოწმე თუ როგორ შეიცვალა თავდაპირველი მაჩვენებელი.


პრაქტიკის კვლევა იხილეთ აქ

0 comments:

Post a Comment