მასწავლებლის ეროვნული ჯილდო
2017 წელს სოციალური ქსელით შევიტყვე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს შესახებ.
მე უკვე ვიყავი სამოქალაქო განათლების და ქართულის, როგორც მეორე ენის უფროსი მასწავლებელი.  სკოლაში ხშირად ვამბობდი, რომ გეოგრაფია ჩემი საყვარელი საგანია. ერთ მშვენიერ დღეს, როგორც ამბობენ, თუ საუცხოო დღეს დირექტორმა მითხრა, მეცადა გეოგრაფიის სწავლება, რადგან ქართულ სექტორზე მასწავლებლების ნაკლებობა გვქონდა.
და ჩემს თავში აღმოვაჩინე ყველაზე საყვარელი საგანი, რომლის მასწავლებლობაც მაბედნიერებს - გეოგრაფია. წელს ჩავაბარე გეოგრაფიაც, ახლა სამგზის სერტიფიცირებული ვარ და ხშირად ვხუმრობთ, იქნებ რაიმე სხვა საგნის ნიჭიც ვიპოვოთ მომავალ გამოცდებამდე.
დავუბრუნდეთ ჯილდოს. დავრეგისტრირდი, მაგრამ არც არაფერი. ერთი წლის წინ დავრჩი ათეულს მიღმა. დავფიქრდი, რა არ მოეწონათ? ამ პერიოდში ჩვენი სკოლის აქტიურ გუნდთან ერთად არაფორმალური განათლების მიმართულება ბევრად გავაძლიერეთ. დავიწყე პროექტებით სწავლება სკოლაში. ყოველ ახალ გრანტს სხვა ხედვა მოჰქონდა, ახლა შარშანდელ მეს რომ ვაფასებ, ვხვდები, ნებისმიერი დაბრკოლება განვითარების წინაპირობაა.
2018 წლის ჯილდოზე მე და შორენამ გადავწყვიტეთ ერთად დავრეგისტრირებულიყავით. ვიდეოებიც ერთად ჩავწერეთ, მართლაც არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვინ გაიმარჯვებდა. მთავარია, გუნდის წარმატება. ათეულის გამოცხადების დღეს ძალიან ვღელავდი. აფორიაქებული დავძრწოდი სართულებზე, რაღაცნაირად ვგრძნობდი, მეკუთვნოდა გამარჯვება. არავის ვიცნობდი, ვინც დარეგისტრირდა, ერთადერთი იყო ჩემივე მეგობარი, კოლეგა, მასწავლებელი და დირექტორი, რომელთან გამარჯვებაც თითქოს მიუღწეველ მწვერვალად მესახებოდა. ვფიქრობდი, ან არცერთი, ან ორივე. გაკვეთილი მთავრდებოდა, მომიკაკუნეს, დირექტორი გირეკავსო. ჩვენს სკოლაში ტელეფონით სარგებლობა აკრძალულია და რადგან შორენა მოითხოვდა, დამელაპარაკოს გაკვეთილიდანო, მივხვდი, ჩვენ გავიმარჯვეთ და ეს ჩვენ - მე ვიყავი.


0 comments:

Post a Comment