მასწავლებელთა 
საკვალიფიკაციო გამოცდის შესახებ
ზაფხულში გეოგრაფიის გამოცდა ჩავაბარე. გამოცდის პროცესში ერთმა საკითხმა მიიპყრო ჩემი ყურადღება და დამაფიქრა რამდენად მართებულია მხოლოდ თეორიულ ცოდნაზე ორიენტირებული შეკითხვებით მასწავლებლის უნარ-ჩვევების გაზომვა? 
კითხვა ეხებოდა გამათანაბრებელი ხაზის უმაღლესი წერტილის მდებარეობას...
წავიკითხე გიგი თევზაძის სტატია ეროვნული გამოცდების დღესდღეობით არსებული ფორმით ჩატარების მართებულობაზე. ვიზიარებ მის მოსაზრებას მისაღები გამოცდების არსებული ფორმის ეტაპობრივად შეცვლის თაობაზე.
ადამიანები სხვადასხვანაირები არიან. შესაბამისად, მათი სწავლაც და სასწავლებლადმიღებაცსხვადასხვანაირად უნდა მოხდეს. ესეც, თანამედროვე, წარმატებული განათლების თეორიის და პრაქტიკის ქვაკუთხედია.
➧მახსოვს 2009 წელს კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში სწავლის პერიოდში გავიარეთ საერთაშორისო საჯარო სამართალის კურსი. ლექტორმა ორი შუალედური გამოცდა და ერთი ფინალური ე.წ. „ღია წიგნის“ (open book) პრინციპით ჩაგვიტარა. სახელმძღვანელოში ჩახედვის და სხვა რესურსის გამოყენების საშუალებაც გვქონდა. საგამოცდო საკითხები ისე ჰქონდა ჩამოყალიბებული, რომ ის მოითხოვდა აზროვნებას, შედარება-შეპირისპირებას, ლოგიკურ მსჯელობასა და დასკვნების გამოტანას. ცხადია ამას მხოლოდ წიგნზე დაყრდნობით ვერ გავაკეთებდით.
გეოგრაფიის გამოცდის შემდეგ სწორედ ამ მიმართულებით დავიწყე ფიქრი. ჩემი აზრით, არამარტო ეროვნული გამოცდების ფორმატია შესაცვლელი, არამედ მასწავლებლების კომპეტენციის დამადასტურებელი ტესტირებაც. რას ითხოვს სისტემა ჩვენგან? ფაქტობრივი ინფორმაციის დამახსოვრებას, ისიც მინიმალური დოზით. უნარ-ჩვევების შეფასება თითქმის არ ხდება.
თანამედროვე მსოფლიო უპირატესობას ანიჭებს ტექნოლოგიების გამოყენებას. სკოლები და უნივერსიტეტები იყენებენ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო საშუალებებს სწავლების პროცესში. საქართველოში ამ მიმართულებით არცთუ სახარბიელო მდგომარეობა გვაქვს. დღეს მასწავლებლებს გვთხოვენ გამოვიყენოთ ისტ-ი სასწავლო პროცესში. მასწავლებელთა რამდენ პროცენტს ხელეწიფება ეს? რას აკეთებს სახელმწიფო ამისათვის?
დროა განათლების სამინისტროს მესვეურებმა მასწავლებელთა საკვალიფიკაციო გამოცდის დონეზე წაახალისონ ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში.
აქვე წარმოგიდგენთ ჩემი ოცნების მასწავლებლის გამოცდას.
კომპიუტერი მიერთებულია ინტერნეტთან. მასწავლებელს მისდის შემდეგი სახის დავალება:
მას ევალება დაგეგმოს ერთი გაკვეთილი წარმოდგენილი თემის მიხედვით (მაგალითად: კახეთის ტურისტული პოტენციალი). ამისთვის მას აქვს თავისუფალი წვდომა რესურსებზე.
მასწავლებელმა უნდა შეადგინოს გაკვეთილის გეგმა;
სავარაუდო მარშრუტი;
Google earth ის გამოყენებით გააკეთოს რუკა;
მოამზადოს იმ გაკვეთილის შეფასების რუბრიკა;
მოამზადოს თეორიული მასალა;
გამოიყენოს ტექნოლოგიები;
მიუთითოს აქტივობები რომელშიც გათვალისწინებული იქნება სწავლის ტიპები;
განსაზღვროს საშინაო დავალება.
გეოგრაფიის მასწავლებელს კიდევ შეიძლება დაევალოს პირობითი ნიშნების გამოყენებით ადგილის გეგმის შედგენა,  ელექტრონული რესურსის შექმნა და ა.შ.
მსგავსი ტიპის დავალება შეძლება შევთავაზოთ ნებისმიერი საგნის პედაგოგს. გთავაზობთ ენის მასწავლებლის მიერ შესასრულებელ დავალებას.
➤მასწავლებელს მისდის სამწუთიანი იუთუბლინკი და ევალება:
მისი გამოყენებით დაგეგმოს ლაპარაკზე ორიენტირებული გაკვეთილი;
ჩამოაყალიბოს გაკვეთილის მიზანი. განსაზღვროს ესგ-სთან შესაბამისობა;
გაწეროს აქტივობები;
მოამზადოს შეფადების რუბრიკა.
ამ პროცესში გამოჩნდება მასწავლებლის მზაობა თანამედროვე მოთხოვნებთან მიმართებაში.
ეს შეიძლება იყოს არა ცალკეული გამოცდა, არამედ ერთ-ერთი კომპონენტი თეორიული გამოცდის.


0 comments:

Post a Comment