ჩვენი ფერადი ოთახი
სადახლოს N1 საჯარო სკოლაში სწავლობდა დაახლოებით 700 მოსწავლე  და მუშაობდა 55-მდე მასწავლებელი. აზერბაიჯანში, კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოში დაბადებულ გაზრდილი ადამიანისათვის აზერბაიჯანული გარემო მთლად უცხო არ ყოფილა, თუმცა თემი საკმაოდ ჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობდა.
ადგილზე შორენასთან ერთად კიდევ ორი ქართველი მასწავლებელი ხათუნა და ნათია, კარგად მოქართულე დილარა მასწი დამხვდა. ჩემთან ერთად კიდევ ორი დამხმარე მასწავლებელი მარიამი და ჯუნა მუშაობდნენ. მათ ტრენინგი ჰქონდათ და სკოლის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ ჩამოვიდნენ. ჯერ ქართული ენის კაბინეტი ვნახე, მერე შორენამ გამავალ პატარა ოთახში შემიყვანა. მისმა ფერადმა კედლებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მოცინარი მზე, ვარსკლავები, მთვარე, ყვავილები, ყავის ფინჯანი... ამ ოთახში ყველა სტუმარი თავის ნახატს ტოვებდა.
სკოლა ორცვლიანი იყო. დილით, პირველ ცვლაში გაკვეთილებს ვატარებდი ძირითად მასწავლებელთან ერთად. ამ დროს შორენა მასწავლებელს ჰქონდა საკუთარი გაკვეთილები ქართული ენის კაბინეტში. ხშირად ხელს არ ვუშლიდი. პირველი ცვლის დასრულების შემდეგ იწყებოდა ჩვენი შეკრებები. ვსვამდით ყავას, რომელსაც, ზამთარში მოგიზგიზე ღუმელზე ვადუღებდით, ვაგემოვნებდით ქართულ შოთს და ვსაუბრობდით ბევრ საკითხზე. ნელ-ნელა ვეცნობოდი ეთნიკური უმცირესობის ყოფა-ცხოვრებას საქართველოში. ამ პატარა ოთახმა ჩემს მეხსიერებაში წარუშლელი ადგილი დაიკავა.

0 comments:

Post a Comment