ინტერვენციები
ამ ქვეთავში წარმოდგენილია პრაქტიკის კვლევის პროცესში დაგეგმილი ინტერვენციები, რომლებიც ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტით გათვალისწინებული შედეგების მიღწევასთან ერთად მიმართული იყო ბენეტის მოდელის მიხედვით მოსწავლეთა ინტერკულტურული მგრძნობელობის მაჩვენებლის გაზრდისკენ. მეცხრე კლასის მოსწავლეების მონაწილეობით სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მომზადდა და განხორციელდა პროექტ-გაკვეთილები და იმიტირებული სასამართლო პროცესები, რომელიც ქვემოთ დეტალურად არის განხილული.
პროექტი - „ბავშვები ბავშვებისთვის“
მარნეულის მუნიციპალიტეტში მწვავედ დგას ბავშთა შრომასთან და სკოლის ნაადრევად მიტოვებასთან დაკავშირებული პრობლემები. სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე განვიხილეთ ეს თემატიკა, ვუყურეთ მოკლემეტრაჟიან ფილმებს ამ თემატიკაზე („ნახევრად შეჭმული ძროხა“, „არზუ“, „კოცნა მარტო კინოშია“), რის შემდეგაც მოსწავლეებმა წამოაყენეს ინიციატივა, რომ გვემუშავა ამ მიმართულებით. 2017-2018 სასწავლო წლის დასაწყისში დავიწყეთ პროექტის მომზადება. მოვიფიქრეთ სახელი „ბავშვები ბავშვებისთვის“, რომელიც მიზნად ისახავდა ბავშვთა შრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებას მარნეულის მუნიციპალიტეტის სკოლებში. პროექტში ჩართულ მოსწავლეებს თანატოლებისთვის უნდა მოემზადებინათ პრეზენტაცია ბავშვთა უფლებებისა და ბავშვთა შრომის შესახებ. პროექტის მომზადება-მიმდინარეობისას ჩართული იყო აგრეთვე პედაგოგი გიორგი ჭაუჭიძე.
საქმიანობა დაიწყო და განხორციელდა ორ ეტაპად: 1) წინა მოსამზადებელი სამუშაოები სკოლის ბაზაზე, რაც ითვალისწინებდა პრეზენტაციების და სასწავლო ვიდეორგოლების მომზადებას; 2) გასვლითი შეხვედრები წინასწარ შერჩეულ სკოლებში.
განხორციელებული აქტივობები:
სკოლის ბაზაზე:
მოეწყო ათი სამუშაო შეხვედრა;
დაიგეგმა და ჩატარდა ექსპერტთან შეხვედრები;
მომზადდა პრეზენტაციები ბავშვთა შრომაზე;
მოსწავლეებმა გადაიღეს ორი საგანმანათლებლო ვიდეო რგოლი;
ჩატარდა კვლევა თბილისსა და მარნეულში ბავშვთა შრომასთნ დაკავშირებით;
მოეწყო გასვლითი აქტივობები მარნეულის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში:
სადახლო (სოფ. სადახლოს N1 საჯარო სკოლა),
შაუმიანი (სოფ. შაუმიანის N3 საჯარო სკოლა),
ალგეთი (სოფ. ალგეთის N1 საჯარო სკოლა),
კასუმლო (სოფ. კასუმლოს საჯარო სკოლა).
ტრენერ-პრეზენტატორმა მოსწავლეებმა 150-მდე თანატოლს გააცნეს ბავშვთა შრომის მიმართულებით არსებული პრობლემები და გამოწვევები;
გაიმართა დისკუსია ბავშვთა შრომის თემატიკაზე;
მოსწავლეებმა განიხილეს ვიდეო რგოლში წარმოჩენილი პრობლემები;
სკოლებში ვიზიტის დროს ძირითადი გზავნილები იყო:
·         ბავშვებს ხელი არ უნდა ეშლებოდეს განათლების მიღებაში;
·         სიღარიბის დამარცხება ვერ ხერხდება ბავშვების განთლების ნაცვლად მათი შრომით საქმიანობაში ჩართვით. პირიქით, ეს მიდგომა ახანგრძლივებს სიღარიბესა და გაჭირვებას;
·         ჩვენი მთავარი მიღწევა იქნება, თუ ჩვენ და ჩვენი თანატოლები - მომავალი მშობლები, ეფექტურ სივრცეს შევუქმნით ჩვენს შვილებს თვითგანვითარებისა და სრულფასოვანი რეალიზებისთვის.
აღსანიშნავია, რომ პროექტი კუშნერის, მაკლილანდისა და საფორდის კულტურული იდენტობის ფორმირების მოდელიდან შერჩეული სამივე წყაროს უკავშირდება.


პროექტი - „გავიცნოთ ევროპა ახლოს“
მარნეულის რაიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მოსახლეობას აქვს მცდარი/არასწორი ინფორმაცია/წარმოდგენები ევროკავშირისა და ევროპული ფასეულობების შესახებ, რასაც განაპირობებს ა. სახელმწიფო ენის არცოდნა; ბ. საინფორმაციო საშუალებად უცხოური (ძირითად შემთხვევაში პროპაგანდისტული) მედია საშუალებების გამოყენება. შედეგად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ევროპას აღიქვამენ საფრთხედ. თვლიან რომ ევროპულ სივრცეში ინტეგრაცია საფრთხეს შეუქმნის მათ კულტურას, რელიგიასა და თვითმყოფადობას. ისინი პესიმისტურად უყურებენ საქართველოს მიერ აღებულ გეზს ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას.
სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე, როდესაც ვეხებოდით დემოკრატიას, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, თანასწორობას და ტოლერანტობას გვიწევდა ევროპულ გამოცდილებასთან შეხება. მოსწავლეებში ევროპული გამოცდილება ხშირად ბადებდა კითხვებს, ჩნდებოდა ორაზროვანი დამოკიდებულება. შევნიშნე, რომ ამ მიმართულებით საჭირო იყო ღრმა და ყოვლისმომცველი სამუშაოების გატარება. მხოლოდ ზეპირი ინფორმაციის მიწოდება არ იყო საკმარისი. აუცილებელი იყო საკითხის სიღრმისეული კვლევა. მე-9კლასის მოსწავლეებს შევთავაზე ჩავრთულვიყავით საზოგადოებრივი საქმნიანობით სწავლების პროცესში, რაც ორი: საზოგადოებრივი და აკადემიური მიზნებიარსებობას გულისხმობდა. შესაბამისად, ერთობლივი საქმიანობის შედეგად გამოიკვეთა ჩვენი მიზნები:
საზოგადოებრივი - სსიპ ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლის ქართული სექტორის IX კლასის მოსწავლეთა მშობლებში, სასკოლო თემსა და სხვა დაინტერესებულ პირებში ევროკავშირისა და ევროპული ფასეულობების შესახებ ცნობიერების ამაღლება.
აკადემიური - სსიპ ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეების  ცოდნის ამაღლება ევროკავშირისა და ევროპული ფასეულობების შესახებ (როგორ არის დაცული უმცირესობების უფლებები ევროპის ქვეყნებში რელიგიის, კულტურის დაცვისა და გამოხატვის თავისუფლების კუთხით).
პროექტის განხორციელების შედეგად მოსწავლეები შეძლებენ თემში სწორი ვალიდური ინფორმაციის გავრცელებას.
პროქტის დაწყებამდე დავგეგმეთ მომავალი 6 თვის საქმიანობა:
1)      პროექტის გაცნობა - პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციას პროექტის შესახებ, მოხდება სამუშაო ჯგუფების ფორმირება და განაწილება თემების მიხედვით;
·         საქართველო ევროკავშირის ურთიერთობის ისტორია;
·         ევროპული ღირებულებები და ქართული კულტურა, ევროკავშირში შემავალ ქვეყნებში ეთნიკური უმცირესობების უფლებები;
·         სასკოლო თემში ევროპის შესახებ არსებული წარმოდგენები/ ანტიდასავლური განწყობები;
·         სკოლაში საინფორმაციო კუთხის მოწყობა და ინფორმაციის გავრცელება.
2)      კვლევითი საქმიანობა - სასკოლო თემის/მშობლების გამოკითხვა: მოსწავლეები შეიმუშავებენ კითხვარს ევროკავშირის ცნობადობის შესახებ, რომლებსაც შეავსებინებენ მშობლებს/თემს. შემდგომ მოხდება მისი ანალიზი და პრობლემების გამოკვეთა.
3)      შეხვედრა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელთან. მოსწავლეები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას საქართველო ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესახებ.
4)      საინფორმაციო კუთხის მოწყობა. რესურსებზე პასუხისმგებელი ჯგუფი გაუწევს ორგანიზებას ერთ-ერთ საკლასო ოთახში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის შესახებ კუთხის მოწყობას;
5)      მომზადება კონფერენციისთვის. მოსწავლეები დაამუშავებენ თემებს, მოამზადებენ მოხსენებებს (რეფერატებს) და საინფორმაციო ბუკლეტებს.
6)      კონფერენცია/პროექტის დახურვა - მოსწავლეები მოიწვევენ მშობლებსა და დაინტერესებულ პირებს, წარსდგებიან მოხსენებებით.
პროექტის ანალიზი
პროექტის უპირატესობა მდგომარეობდა იმაში, რომ ქართულ სექტორზე მყოფ მოსწავლეებს კომუნიკაცია ჰქონდათ ადგილობრივ თემთან მათთვის გასაგებ ენაზე, ხოლო მათ საქმიანობა დაგეგმეს და წარმართეს სახელმწიფო ენაზე. მოსწავლეები შეეცადნენ თავიანთი ძალისხმევით შეეცვალათ მათ გარშემო არსებული ცრუ წარმოდგენები რისთვისაც ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულნი პროექტით გაწერილ ყველა აქტივობაში. დაგეგმეს და ჩაატარეს კვლევა, გამოკითხეს მშობლები, ნთესავები, შეხვდნენ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებს, შეიმუშავეს ორენოვანი საინფორმაციო ბუკლეტი და გაავრცცელეს თემში. პროექტის დასრულებისას ჩატარდა შემაჯამებელი კონფერენცია, რომელსაც ესწრებოდნენ სასკოლო თემის წარმომადგენლები.
შედეგად, პროექტში ჩართულ მოსწავლეებს გაუღრმავდათ ცოდნა ერთიანი ევროპული სივრცის შესახებ, მათ მიიღეს კვალიფიციური და სარწმუნო ინფორმაცია ევროკავშირის ინსტიტუტების საქმიანობის თაობაზე. პროექტის მსვლელობისას თავმოყრილი ცოდნა-გამოცდილება მოსწავლეებმა გაუზიარეს სასკოლო თემის წარმომადგენლებს. საზოგადოებრივი საქმიანობით სწავლების მეორე უპირატესობა აკადემიურ მიზნებზე გასვლაში გამოიხატება. პროექტის სხვადასხვა ეტაპზე მოსწავლეები გადიოდნენ ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტით გათვალისწინებულ შედეგებზე. პროექტის მიმდინარეობის დროს მოსწავლეებს განუვითარდათ ინფორმაციის დამუშავების, კვლევა-ძიების, ფართო საზოგადოებასთან მოხსენებებით გამოსვლის (პრეზენტაციის) ისტ-ის გამოყენების, საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარ-ჩვევები და სხვა სამოქალაქო კომპეტენციები.
პროექტი „გავიცნოთ ევროპა ახლოს“ ბენეტის მოდელის მიხედვით დაეხმარა მოსწავლეებს განსხვავებული გეოგრაფიული მდებარეობისადმი მგრძნობელობის განვითარებაში, რაც კვლევის შედეგებზე დადებითად აისახა.

0 comments:

Post a Comment