მომავალი განათლებაშია!

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული

გავიცონოთ ევროპა ახლოს

საზოგადოებრივი საქიანობით სწავლება

პროექტი „ბავშვები ბავშვებისთვის“

სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის (SYNCS)

გაკვეთილი ღია ცის ქვეშ

არაფორმალური განათლება სწავლების აუცილებელი ელემენტია

„IDEALIST“ - საერთაშორისო პროექტი

პროექტი განხორციელდა დანიელი და ქართველი მასწავლებლების მონაწილეობით

Friday, August 31, 2018

მასწავლებელთა საკვალიფიკაციო გამოცდის შესახებ

ზაფხულში გეოგრაფიის გამოცდა ჩავაბარე. გამოცდის პროცესში ერთმა საკითხმა მიიპყრო ჩემი ყურადღება და დამაფიქრა რამდენად მართებულია მხოლოდ თეორიულ ცოდნაზე ორიენტირებული შეკითხვებით მასწავლებლის უნარ-ჩვევების გაზომვა?
კითხვა ეხებოდა გამათანაბრებელი ხაზის უმაღლესი წერტილის მდებარეობას...
წავიკითხე გიგი თევზაძის სტატია ეროვნული გამოცდების დღესდღეობით არსებული ფორმით ჩატარების მართებულობაზე. ვიზიარებ მის მოსაზრებას მისაღები გამოცდების არსებული ფორმის ეტაპობრივად შეცვლის თაობაზე.
ადამიანები სხვადასხვანაირები არიან. შესაბამისად, მათი სწავლაც და სასწავლებლადმიღებაცსხვადასხვანაირად უნდა მოხდეს. ესეც, თანამედროვე, წარმატებული განათლების თეორიის და პრაქტიკის ქვაკუთხედია.
➧მახსოვს 2009 წელს კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში სწავლის პერიოდში გავიარეთ საერთაშორისო საჯარო სამართალის კურსი. ლექტორმა ორი შუალედური გამოცდა და ერთი ფინალური ე.წ. „ღია წიგნის“ (open book) პრინციპით ჩაგვიტარა. სახელმძღვანელოში ჩახედვის და სხვა რესურსის გამოყენების საშუალებაც გვქონდა. საგამოცდო საკითხები ისე ჰქონდა ჩამოყალიბებული, რომ ის მოითხოვდა აზროვნებას, შედარება-შეპირისპირებას, ლოგიკურ მსჯელობასა და დასკვნების გამოტანას. ცხადია ამას მხოლოდ წიგნზე დაყრდნობით ვერ გავაკეთებდით.
გეოგრაფიის გამოცდის შემდეგ სწორედ ამ მიმართულებით დავიწყე ფიქრი. ჩემი აზრით, არამარტო ეროვნული გამოცდების ფორმატია შესაცვლელი, არამედ მასწავლებლების კომპეტენციის დამადასტურებელი ტესტირებაც. რას ითხოვს სისტემა ჩვენგან? ფაქტობრივი ინფორმაციის დამახსოვრებას, ისიც მინიმალური დოზით. უნარ-ჩვევების შეფასება თითქმის არ ხდება.
თანამედროვე მსოფლიო უპირატესობას ანიჭებს ტექნოლოგიების გამოყენებას. სკოლები და უნივერსიტეტები იყენებენ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო საშუალებებს სწავლების პროცესში. საქართველოში ამ მიმართულებით არცთუ სახარბიელო მდგომარეობა გვაქვს. დღეს მასწავლებლებს გვთხოვენ გამოვიყენოთ ისტ-ი სასწავლო პროცესში. მასწავლებელთა რამდენ პროცენტს ხელეწიფება ეს? რას აკეთებს სახელმწიფო ამისათვის?
დროა განათლების სამინისტროს მესვეურებმა მასწავლებელთა საკვალიფიკაციო გამოცდის დონეზე წაახალისონ ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში.
აქვე წარმოგიდგენთ ჩემი ოცნების მასწავლებლის გამოცდას.
კომპიუტერი მიერთებულია ინტერნეტთან. მასწავლებელს მისდის შემდეგი სახის დავალება:
მას ევალება დაგეგმოს ერთი გაკვეთილი წარმოდგენილი თემის მიხედვით (მაგალითად: კახეთის ტურისტული პოტენციალი). ამისთვის მას აქვს თავისუფალი წვდომა რესურსებზე.
მასწავლებელმა უნდა შეადგინოს გაკვეთილის გეგმა;
სავარაუდო მარშრუტი;
Google earth ის გამოყენებით გააკეთოს რუკა;
მოამზადოს იმ გაკვეთილის შეფასების რუბრიკა;
მოამზადოს თეორიული მასალა;
გამოიყენოს ტექნოლოგიები;
მიუთითოს აქტივობები რომელშიც გათვალისწინებული იქნება სწავლის ტიპები;
განსაზღვროს საშინაო დავალება.
გეოგრაფიის მასწავლებელს კიდევ შეიძლება დაევალოს პირობითი ნიშნების გამოყენებით ადგილის გეგმის შედგენა,  ელექტრონული რესურსის შექმნა და ა.შ.
მსგავსი ტიპის დავალება შეძლება შევთავაზოთ ნებისმიერი საგნის პედაგოგს. გთავაზობთ ენის მასწავლებლის მიერ შესასრულებელ დავალებას.
➤მასწავლებელს მისდის სამწუთიანი იუთუბლინკი და ევალება:
მისი გამოყენებით დაგეგმოს ლაპარაკზე ორიენტირებული გაკვეთილი;
ჩამოაყალიბოს გაკვეთილის მიზანი. განსაზღვროს ესგ-სთან შესაბამისობა;
გაწეროს აქტივობები;
მოამზადოს შეფადების რუბრიკა.
ამ პროცესში გამოჩნდება მასწავლებლის მზაობა თანამედროვე მოთხოვნებთან მიმართებაში.
ეს შეიძლება იყოს არა ცალკეული გამოცდა, არამედ ერთ-ერთი კომპონენტი თეორიული გამოცდის.


Wednesday, August 22, 2018

მასწავლებლის ისტორია

ბავშობაში ხშირად ვთამაშობდი მასწავლებლობანას. სოფლის ბოლოს თხილის ბაღებია. ამ ბაღში გვქონდა მოწყობილი ჩვენი სკოლა. ნამდვილ სკოლაში მოსწავლის როლში ვიყავი. ჩვენს საოცნებო სკოლაში კი მასწავლებლის როლს ვირგებდი...
 1989 წლის 30 ივნისს დავიბადე აზერბაიჯანში. კახის რაიონში არის ერთი პატარა  სოფელი, რომელსაც ქართველები ქათმისხევს ვუწოდებთ, ოფიციალურად ალიბეგლო ჰქვია. 
 2006 წელს დავამთავრე ჩვენი სოფლის ქართული სკოლა.  როგორც მოგეხსენებათ ქართული სკოლები ცოტაა კახში, ალბათ შვიდიოდე იქნება. 
სწავლის გაგრძელება გადავწყვიტე ისტორიულ სამშობლოში. 
2010 წელს დავამთავრე კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, ხოლო 2013 წელს კი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა. 
 2011-2013  წლებში ვმუშაობდი იურიდიულ კომპანიებში და პარალელურად –  არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომლის ეგიდითაც ვეხმარებოდით აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე  მოქმედ ქართულ სკოლებს, ვახორციელებდით საგანმანათლებლო პროექტებს.
პროექტებში მონაწილეობის დროს ვგრძნობდი, თუ როგორ ვეხებოდი საქართველოს მომავალს აზერბაიჯანის მიწაზე.
კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის 2010 წლის გამოშვება
ილიაუნის მაგისტრების 2013 წლის გამოშვება
საქმიანობა ქურმუხელის ეგიდით
ყოველთვის მაღელვებდა ჩემი ქვეყნის ისტორია და დღევანდელობა.
მსურდა, რამე მნიშვნელოვანი შემექმნა საქართველოში, საკუთარი კვალი დამეტოვებინა ისტორიული სამშობლოს მიწაზე.
2013 წელს მეგობრებისგან გავიგე პროგრამის შესახებ, რომელიც არაქართულენოვან სკოლებში მიმდინარეობდა.  „ქართული ენა მომავალი წარმატებისათვის“, სახელიც მიმზიდველად ჟღერდა. ვიგრძენი დადგა დრო, რაღაც ღირებული დამეწყო. უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე მუშაობა ან სწავლაა.
გავიარე კონკურსის ეტაპები.
დაგვინიშნეს ტრენინგები, რადგან არ ვიცოდით სწავლის  მეთოდიკა და სკოლაში მუშაობის პრინციპები.
ბაზალეთის ტბაზე მართლაც ოქროს  აკვანი ვიპოვე.
ჩემი მომავალი შეიცვალა ოთხ დღეში.
ეს ამბავი ფილმის სიუჟეტს ჰგავს.
ქართულის, როგორც მეორე ენის ტრენერმა, ერთმა თითქოს ჩვეულებრივმა ქალმა ჯგუფს გვითხრა: ოთხი დღე დავრჩები ამ ჯგუფში და  ტრენინგის ბოლოს მიხვდებით, არის თუ არა თქვენი საქმე მასწავლებლობა, მასწავლებლობა არაქართულენოვან სკოლაში ეთნიკურ უმცირესობებთან.
ეს იყო დაუვიწყარი ოთხი დღე.

ჯგუფი და ტრენერი ერთ გუნდად ვიქეცით რამდენიმე საათში.
ერთი აქტივობის დროს როლური თამაშები შემოგვთავაზა პედაგოგმა. თემა: ქცევის კორექცია. მე მერგო ამრევი მოსწავლის როლი და უკანა მერხზე მჯდომმა გავაცნობიერე, რა საინტერესოა და თან როგორი რთულია გაუგო და მიუხვდე ყველა მოსწავლეს. ის გაკვეთილი ჩავუშალეთ " მასწავლებელს". 
იცით რა არის საინტერესო? სკოლაში, სადაც ვასწავლი, დირექტორის მოადგილეა მაშინდელი ჯერ კიდევ სწავლის პროცესში მყოფი "პედაგოგი". 
ტრენერის ამბავი უფრო საინტერესოა. შორენა ხუხუა დღეს ჩემი დირექტორია.
ტრენინგების დასრულების შემდეგ სიებში ვეძებდით საკუთარ სკოლებს, სადაც ერთი წელი უნდა გვემუშავა პროგრამის ფარგლებში დამხმარე მასწავლებლად. არცერთ სიაში არ ვჩანდი. არც ქვემო ქართლის, არც ჯავახეთის, არც კახეთის. დაბნეულმა მივაკითხე კოორდინატორს, რომელმაც ღიმილით მითხრა: " შენ თავად ტრენერმა აგირჩია, გვთხოვა, სადახლოს N1 სკოლაში გამომიგზავნეთ, ადგილი გათავისუფლდაო". არ მოველოდი, რადგან ტრენინგების დროს განსაკუთრებული არაფერი ჩამიდენია, არც ტრენერს ეტყობოდა განსაკუთრებული აღფრთოვანება ჩემით. ავიღე ტელეფონი, დავურეკე ტრენერს მადლობის გადასახდელად. მან მხიარულად მიპასუხა: "აბა, დავიწყოთ შენი ცხოვრების ახალი ისტორია. იქნებ მოგეწონოს ეს საქმე და დარჩე კიდეც სკოლის სისტემაში."  ორი წლის განმავლობაში ვასწავლიდი ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ქართულს, როგორც მეორე ენას. მე და ჩემი მასწავლებელი კოლეგები გავხდით. ძალიან მომეწონა მასწავლებლობა. შორენამ ისევ ახალი იდეა მომაწოდა: "მოდი, ჩააბარე პედაგოგიური უნარების და საგნის გამოცდა, გახდი სერტიფიცირებული". გავაუქმე ფეისბუქი, გამოვრთე ტელეფონი ზაფხულში და 2014 წელს წარმატებით ჩავაბარე სერტიფიცირების გამოცდები. ასე გავხდი მასწავლებელი. 
წარდგენა სადახლოს N1 საჯარო სკოლაში, 2013 წელი
დღესაც მახსოვს 2013 წლის 16 სექტემბერი. ეს იყო დღე, როდესაც პირველად შევედი საკლასო ოთახში მასწავლებლის სტატუსით. ჩემი ცხოვრება შეიცვალა , რადგან კარგ მასწავლებელს შევხვდი და უკვე მეც შემეძლო სხვისი ცხოვრების შეცვლა. თავიდან საკუთარ ძალებში დარწმუნებული არ ვიყავი, ბავშვების სიყვარულით ვიგრძენი, არ შევცდი.
პირველი გაკვეთილებიდან...
ჩემი ოთხწლიანი პედაგოგიური საქმიანობის დროს დავუმეგობრდი უამრავ მასწავლებელსა და საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებულ ადამიანს. ჩვენ ერთმანეთს ვუზიარებთ საკუთარ პრაქტიკას, ვაფასებთ ერთმანეთის საქმიანობას, ვეხმარებით კარიერულ წინსვლაში და ა.შ. 
2015 წელს, თებერვლის დასაწყისში ჩემი კოლეგა-მასწავლებელი შორენა დირექტორი გახდა და დაგვტოვა. რაღაცნაირად ხელმოტეხილივით დავრჩი. გვიან მივხვდი, რომ უმნიშვნელოვანესია გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა, ცოდნის გაზიარება, მხარდაჭერა, განსაკუთრებით განსხვავებულ სივრცეში. 
2015 წლის ივნისის თვეში ჩემმა უკვე ყოფილმა კოლეგამ, ყოფილმა ტრენერმა დამირეკა და დირექტორის მოადგილეობა შემომთავაზა. დაუფიქრებლად უარი ვთქვი. მე მიყვარს მასწავლებლობა და არ მიზიდავს თანამდებობა. ამიტომ დღეს ვმუშაობ ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლაში, რომელიც არის  მულტიკულტურული დაწესებულება. 
ჩვენი გუნდი ყოფილი ტრენერით და კოლეგით, ყოფილი პროგრამელებით დღეს ისევ ერთად ვართ.
ჩვენი გუნდი