Sunday, January 1, 2023

ღია სამკითხველო ანუ ორი ბიბლიოთეკა სკოლაში

2022-2023 სასწავლო წელი განსაკუთრებულად საინტერესოდ დაიწყო სკოლისთვის. სამოქალაქო კლუბის ოფიციალური სტრუქტურის სახით ჩამოყალიბებამ მნიშვნელოვანი სიახლეები მოუტანა სასკოლო საზოგადოებას, გაამრავალფეროვნა ყოველდღიური რუტინა და ხელი შეუწყო მოსწავლეთა გააქტიურებას.

* * *

ბიბლიოთეკა სკოლისთვის უცხო არ არის. ზოგ სკოლას თანამედროვე ბიბლიოთეკა აქვს, ზოგს - მოძველებული ინტერიერითა და წიგნების ფონდით, სამწუხაროდ, ზოგს საერთოდ არ აქვს  და მხოლოდ სასკოლო სახელმძღვანელოებით შემოიფარგლება.  

ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლას საკმაოდ მდიდარი ბიბლიოთეკა აქვს. მიმდინარე წლის სექტემბრიდან მას „კონკურენტი“ გამოუჩნდა.

ყველაფერი მოქალაქეობის გაკვეთილზე დაიწყო.  მოსწავლემ მითხრა, რომ სახლში აქვს ძველი კარადა, რომელსაც მისი მშობლები გადაგდებას უპირებენ. რამდენიმე დღეში გადასაგდებად გამზადებულმა ნივთმა განათლების ბაღში დაიდო ბინა. მაშინვე დავიწყეთ მის ფუნქციურ დატვირთვაზე ზრუნვა. თავდაპირველად, სხვადასხვა ნივთის გამოსაფენ ვიტრინად მოვიაზრებდით. სამოქალაქო კლუბის  შეკრებაზე ღია ბიბლიოთეკის მოწყობის იდეა გაჟღერდა.

კარადის მონტაჟი განათლების ბაღში არსებულ ფანჩატურში გადავწყვიტეთ. წიგნის ფონდის შესავსებად „ბაკურ სულაკაურის“ გამომცემლობას დავუკავშირდით. ჩვენი იდეა მოეწონათ. მალე სკოლაში გზავნილი მივიღეთ. სასაჩუქრე შეფუთვაში სხვადასხვა ასაკზე გათვლილი წიგნები და ინტერაქციული სამაგიდო თამაშები  იყო. პარალელურად, მოსწავლეებმა და მასწავლებლებმაც მოხალისეობრივად შევავსეთ ღია სამკითხველოს თაროები.

დღეს, ღია სამკითხველოში ხელმისაწვდომია  80-მდე მხატვრული ლიტერატურა და 30-ზე მეტი საყმაწვილო ენციკლოპედია.

რატომ ღია სამკითხველო?

მოსწავლეებს შევთავაზეთ ბიუროკრატიული პროცედურებისგან თავისუფალი გარემო. ნებისმიერ მსურველს შეუძლია, სასურველ დროს, ესტუმროს ღია სამკითხველოს, აიღოს სასურველი წიგნი და იკითხოს. სურვილის შემთხვევაში, სახლში წაღებაც შეუძლიათ, რასაც იქვე განთავსებულ სპეციალურ ჟურნალში აღრიცხავენ სახელის, გვარის, წიგნის დასახელებისა და გატანის თარიღის მითითებით. სამოქალაქო კლუბის წევრებმა სპეციალური დევიზი მოუფიქრეს სამკითხველოს - აიღე, იკითხე დააბრუნე.



ღია სამკითხველო რამდენიმე მიზანს ემსახურება:

·         უფრო მიმზიდველს ხდის კითხვის პროცესს, რაც წიგნიერების დონის ამაღლებას უწყობს ხელს;

·         ზრდის განათლების ბაღის ფუნქციურ დატვირთვას და მოტივაციას;

·         ამაღლებს პასუხისმგებლობის გრძნობას, მოსწავლეები ეჩვევიან საზოგადო სიკეთეების გაზიარებას, მოვლასა და პატრონობას.

ღია სამკითხველოს გახსნა  სამოქალაქო კლუბის წევრებისთვის შთაგონების წყარო გახდა. კლუბის აქტიურმა წევრმა, ნაზ მამიშოვამ წამოიწყო პროექტი „იკითხე განათლების ბაღში“, რომლის ფარგლებშიც საშუალო საფეხურის მოსწავლეები, დაწყებითი კლასების აღსაზრდელებს უკითხავენ წიგნებს. ამ ეტაპზე, პროექტში ჩართულია ოთხი კლასი. ალბათ, აღნიშნულმა  განაპირობა, რომ  ინოვაციური სივრცე მოსწავლეებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. განსაკუთრებით ბევრი მკითხველი დაწყებითი საფეხურიდან სტუმრობს.

სხვა სიკეთეებთან ერთად, პროექტი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებსაც შეესაბამება. იდეა ემსახურება ხარისხიანი განათლების (მე-4) მიღწევას და ეხმაურება და მე-11 მიზანს - მდგრადი ქალაქები და დასახლებები.

 

0 comments:

Post a Comment