თემურ სუყაშვილის ბლოგი

Thursday, December 4, 2025

იყო ასეთი ქვეყანა...

 


…ისეთი, სადაც განათლების სისტემა პრობლემების ლაბირინთს წააგავდა...🎓🎯

დიდ ქალაქებში, მოსახლეობას აწუხებდა სკოლების გადატვირთულობა. მაგალითისათვის, ზოგიერთ სკოლაში ბავშვები სწავლას 19:20 საათზე ასრულებდნენ. მშობლები ითხოვდნენ ბავშვების პირველ ცვლაში გადაყვანას, მაგრამ ამაოდ... ფიზიკურად არ მოიძებნებოდა საკმარისი თავისუფალი კლასები.

📢 იქვე დანგრეული სკოლები ვერ/არ შენდებოდა. ათობით და ასობით სკოლის მოსწავლეები თავს სხვა ახლომდებარე სკოლებსა თუ შენობებში იყვნენ შეხიზნულები...

მასწავლებლები ხშირად წუწუნებდნენ კლასებში მოსწავლეთა რაოდენობაზე. ამის შესახებ ხშირად საუბრობდნენ სამასწავლებლოში, თუ არაფორმალურ გარემოში. ისინი ფიქრობენ, რომ უკეთესი იქნებოდა თუ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა შემცირდებოდა. 

მასწავლებლები ასევე წუხდნენ საბაზო საფეხურიდან, საშუალო საფეხურზე მოსწავლეების დაუმსახურებელი გადაყვანის პრაქტიკაზე. ისინი ფიქრობდნენ, რომ სწორედ ეს კატეგორია ქმნიდა დისციპლინის პრობლემებს საშუალო საფეხურზე, რაც მთლიან კლასში ცვლიდა ამინდს. ეს საკითხი პირდაპირ მიბმული იყო სკოლების დაფინანსების ვაუჩერულ პრინციპზე. სწორედ ამიტომ ერიდებოდნენ სკოლები მოსწავლეების "დაკარგვას".

მშობლები წუხდნენ სკოლებში არსებულ ჰიგიენურ-სანიტარიულ  მდგომარეობაზე. ზოგიერთ სკოლაში, ფიზიკურად არ იყო სველი წერტილები. სოფლებში საპირფარეშოები ისეთი მოუწესრიგებელი, რომ არ შეისვლებოდა... სოფლებში მრავლად იდგა გაძვალტყავებული შენობები.

სკოლების უმეტესობაში მასწავლებლებს ხელი არ მიუწვდებოდათ ისეთ ელემენტარულ ტექნიკაზე, როგორებიცაა: ლეპტოპები, დინამიკები, პროექტორი, ინტერნეტი. ტესტებისთვის ქაღალდის ფულს მოსწავლეები და მასწავლებლები ერთად აგროვებდნენ.

ამ ქვეყნის მოსწავლეების შედეგები წლიდან-წლამდე უარესდებოდა. ამის გამო სამინისტრო დაბლა წევდა შიდა საგამოცდო ზღვარს. საერთაშორისო კვლევებში, ბავშვები სავალალო შედეგებს აჩვენებდნენ.



მასწავლებლები ანაზღაურებით, სახელფასო პოლიტიკითა და სოციალური დაცვის გარანტიებითაც უკმაყოფილოები იყვნენ. მათი ხელფასები ისე არ იზრდებოდა, როგორც სხვა საჯარო მოხელეების. ამის გამო მათ უწევდათ 2 და 3 სკოლაში მუშაობა. ეს წუხილი არ სცდებოდა სასკოლო სივრცეს, სამასწავლებლოს. ზოგიერთ მასწავლებელს, ჰქონდა კვირაში 40 საათამდე დატვირთვა და 500-ზე მეტ მოსწავლესთან შეხება.

ამ ქვეყანის სკოლებში კიდევ უამრავი მნიშვნელოვანი ხარვეზი იჩენდა თავს. უთანასწორობა, დემოტივირებული თაობები და მასწავლებლები. ბავშვების უმეტესობა, სკოლას „სავალდებულო ტანჯვად“ მიიჩნევდა.

სკოლები ვერ ახერხებდნენ სწავლა-სწავლების მინიმალური სტანდარტის უზრუნველყოფას. აბიტურიენტები ასობით და ათასობით „დარს“ ხარჯავდნენ რეპეტიტორებთან მომზადებაში.

მასწავლებელთა ნაწილი არ იყო ბედნიერი სკოლაში ყოფნით. ამას ემატებოდა: პროფესიული გადაწვა, კვალიფიკაციისა და ხანდაზმულობის პრობლემები...

არაერთი თხოვნისა და მოთხოვნის მიუხედავად, სახელმწიფო ვერ/არ ახერხებდა უფასო კვების პროგრამის დანერგვას. საპირისპიროდ, კვლევები ცალსახად აჩვენებდა, რომ იმ ქვეყნებში სადაც კვების პროგრამები მოქმედებს, მოსწავლეები უკეთეს შედეგებს აჩვენებდნენ

ამ ბედნიერი ქვეყნის განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების რეფორმაზე დაიწყო ფიქრი. შეკრიბა კომისია, შემოიკრიბა ექსპერტთა არმია... იფიქრეს, იმსჯელეს, აწონ-დაწონეს და ამ პრობლემებთან ბრძოლის მიზნით შემდეგი „ძირეული“ გადაწყვეტილებები დაანონსეს:


  1. სავალდებულო ხდება სასკოლო ფორმის ტარება I-VI კლასებში (იმისთვის, რომ გადატვირთულ კლასებში ყველა „ერთნაირად გადატვირთულად“ გამოიყურებოდეს); 
  2. სრულად იკრძალება მობილური ტელეფონები (თითქოს სკოლებს შინაგანაწესით არ ჰქონდეთ აქამდე აკრძალული);
  3. დაინერგოს ერთი სახელმძღვანელოს პრინციპი (რადგან არჩევანი - ეს არის საშიში!); 
  4. დაემატება არჩევითი მე-12 კლასი (თუ რაღაც მაგდაგვარი); 
  5. ბავშვების პირველ კლასში რეგისტრაცია მოხდება ტერიტორიული პრინციპით (რამხელა შევებაა სისტემისთვის); 
  6. შექმნება „რეპეტიტორიუმი“ მე-11 კლასელებისთვის...

რეპეტიტორიუმი - ახალი გზა, 
სადაც ცოდნა ელის ყველა ბავშვს!


მოკლედ, ეს და კიდევ სხვა რამდენიმე მიმართულება გახდა რეფორმის ქვაკუთხედი. ერთგვარი სამოქმედო გეგმა ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის - მომდევნო წლების განმავლობაში. ეს ცვლილებები უპასუხებს მსოფლიოში არსებულ გლობალურ გამოწვევებს!

ამ დიდი რეფორმის პრეზენტაცია მოაწყო განათლების მინისტრმა ბატონმა ფასად საღებავაძემ… მას პრეზენტაცია დამსწრე სსაზოგადოებამ რამდენჯერმე შეაწყვეტინა ტაშით და ყიჟინით „ურააა!“

დაანონსებულმა ცვლილებებმა ქვეყანაში დიდი მოწონება დაიმსახურა. განსაკუთრებით მისაღები აღმოჩნდა ფორმების შემოტანა და მობილური ტელეფონის აკრძალვის გადაწყვეტილებები. მედია ორგანიზაციებმა გამოაცხეს სიუჟეტები, შეიქმნა საყოველთაო ყიჟინა და ჟრიამული.

მასწავლებლებმა სამასწავლებლოში, მშობლებმა სოციალურ ქსელებში დაიწყეს განხილვა თუ როგორი დროული ნაბიჯები გადადგა სამინისტრომ, მათ წინაშე მდგარ გამოწვევებთან გასამკლავებლად.

დიდი შესვენების დასრულების შემდეგ, მასწავლებლებმა კლასებს მიაშურეს, სადაც დახვდათ: 29 მოსწავლე, ქაოსი, ბავშვები, რომლებიც მიირთმევდნენ ჩხირებს და ერთჯერად სუპს (მშრალ მდგომარეობაში).

შემდეგ ის მასწავლებლები სხვა სკოლაში გაიქცნენ, იქიდან კიდევ სხვაგან, საღამოს აბიტურიენტიც მოუვიდათ სახლში.

სოფლის სკოლების მასწავლებლებმა შუადღის შემდეგ ბაღ-ბოსტნებს მიაშურეს.

ამასობაში ხელფასის დროც დადგა. აწკარუნდა მობილური ტელეფონები. ისევ იმდენი ჩაირიცხა, რაც მანამდე...

ორშაბათ დილას, შვილებმა მშობლებს 5-5 ლარი სთხოვეს საკვებისთვის.

მშობლებმა რეპეტიტორს ანგარიშზე დაუსვა 270 ლარი (100$-ის ექვივალენტი).

 

ამ ყველაფრის შემდეგ, ერთმა ჩუმად ჩაილაპარაკა:

  • კი მაგრამ რა ითქვა ახალი?
  • რა შეიცვალა ჩვენთვის?
  • როგორ გაუმჯობესდა ჩვენი ყოფა?
  • რას მასწავლიან ახალს და რას ვასწავლი განსხვავებულად?

ზოგადი განათლების რეფორმა თუ დეფორმა რეალურად ფასადურია. ეს იმ კედლის შეღებვას ჰგავს, რომელიც დანესტილია და ყვითელ ფერს დღეს თუ არა ხვალ მაინც გამოიღებს. 
ეს არის მცდელობა, რომ ხალხმა ისაუბროს პოპულისტურ ნაბიჯებზე, გაუშვას ბოლი და მერე გაჩუმდეს. 
რა შეიცვლება რეალურად უკეთესობისკენ? 



0 comments:

Post a Comment

 
.header-image { margin-bottom: -30px; }